სოფო ხორგუანი - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, მაგრამ მოქალაქეების უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს
სოფო ხორგუანი - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, მაგრამ მოქალაქეების უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავის კანდიდატურას წარადგენს თუ არა, ახალ მთავარ პროკურორს ლეგიტიმაცია ნებისმიერ შემთხვევაში ექნება, – განაცხადა ანალიტიკოსმა და კრიზისების მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა კანონშია გაწერილი და ეს არის ჩარჩო, რომელშიც სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.

ანალიტიკოსი და კრიზისების მენეჯერი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ულტიმატუმით საუბრის უფლება აქვთ, მაგრამ ხელისუფლებას ასევე აქვს უფლება, მათი მოთხოვნები და ბოიკოტი არ გაითვალისწინოს.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, პრობლემაა ის, როცა ამბობენ, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას მეტი უფლება აქვს, რომელიღაცას კი ნაკლები. 

„საინტერესოა, ვინ უნდა გაზომოს, ვის რისი უფლება აქვს?! რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას თეა წულუკიანი არ მოსწონს და ამბობს, რომ ის უნდა გადადგეს, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს. ეს არჩევნებმა გაზომა და როცა გგონია, რომ შენს არასამთავრობო ორგანიზაციას მეტი უფლება აქვს, ვიდრე სხვას, ეს ვინ გაგიზომა?! არასწორია მიდგომა, ხალხმა რა იცის, ვინ უნდა აირჩიოს, მე მაგარი ვარ, ვიცი და ა.შ. ეს ასლან აბაშიძის პოზიცია იყო და დამთავრდა”,- განაცხადა ხორგუანმა.

სოფო ხორგუანმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ დღეს ის პრობლემა აღარ არსებობს, როცა სასამართლოს ერთი ხელი მართავდა.

„დღეს სასამართლო იუსტიციის მინისტრის პირდაპირი გავლენის ქვეშ არ არის და იუსტიციის სამინისტროს სერვერები სასამართლოს სერვერებს მიბმული არ არის. ეს მოცემულობაა. ის, რომ დღეს გერმანული სასამართლო არ გვაქვს, ობიექტური რეალობით არის გამოწვეული და სულ ასე ვიქნებით, თუ არსებულ პრობლემებს მხოლოდ ერთ ადამიანს, იუსტიციის მინისტრს ავკიდებთ“, – განაცხადა ხორგუანმა.

მისივე თქმით, ძველი საქმეების გამოძიების შემდეგ, პროკურატურა ბევრ საქმეზე იმ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რომელიც მას სჭირდება, რაც მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ პარლამენტმა ვერ გაბედა, ის კანონები მიეღო, რომელიც მას სჭირდებოდა.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.