ISIS-ის წევრებს, ბრიტანეთის ყოფილ მოქალაქეებს, ჰააგაში გაასამართლებენ
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორ წევრს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ მოქალაქეებს, ალექსანდრ კოუთის და ელ შაფი ელ-შეიხს ჰააგაში გაასამართლებენ, შემდეგ კი სასჯელის მოსახდელად, გუანტანამოს ციხეში გააგზავნიან. ინფორმაცია ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა, ის ოფიციალურ წყაროს ჯერ არ დაუდასტურებია.
დაეშის რიგებში სისასტიკით განთქმულ ექსტრემისტებს ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ. ისინი სირიაში ქურთმა მებრძოლებმა ორი დღის წინ დააპატიმრეს. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ექსტრემისტების იდენტიფიცირება გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურმა სამი წლის წინ ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მოახდინა. კადრებში ტყვეების მასობრივი ხოცვაა ასახული.