მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, წინასწარი მონაცემებით, 83-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 107 პირი. რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, არ არის გამორიცხული მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში მდებარე „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და იქ მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
მომხდარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტერაქტად შეაფასა. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ იუწყება დასავლური მედიაც.
თიკა მიგინეიშვილი განაგრძობს ახლა თემაზე საუბარს და მომხდარის დეტალებზე ისაუბრებს.