დაკავება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.