ირმის ნახტომი #კოსმოსი

თუ ღამით სადმე ქალაქგარეთ მოხვდებით, ცას ახედეთ. ზუსტად თქვენს თავზე დაინახავთ სინათლის მკრთალ ზოლს, რომელიც თითქოს ცაში დაღვრილ რძეს წააგავს. ძველრომაელები ამ ზოლს რძიან გზას უწოდებდნენ.

სინათლის ეს ზოლი, რა თქმა უნდა, სინამდვილეში რძე სულაც არ არის — ის გალაქტიკაა. გალაქტიკა ვარსკვლავების უზარმაზარი კრებულია. ჩვენი მზის სისტემა, რომელიც მოიცავს მზეს, დედამიწას, შვიდ სხვა პლანეტას და მრავალ სხვა პატარა ობიექტს, ამ გალაქტიკის ნაწილია. ბევრ ენაში მას რძიან გზას უწოდებენ, ქართულად კი ირმის ნახტომი ჰქვია. როგორც ჩანს, ეს ზოლი ჩვენმა წინაპრებმა უფრო გაქცეული ირმის კვალს მიამსგავსეს.

ირმის ნახტომი ჩვენი მზის მსგავს ასობით მილიარდ სხვა ვარსკვლავს შეიცავს. მზის მსგავსად, ამ ვარსკვლავთა უმეტესობის გარშემო სულ მცირე ერთი პლანეტა მოძრაობს. მზის სისტემა და რა თქმა უნდა, დედამიწაც, ირმის ნახტომის ცენტრსა და კიდეს შორის დაახლოებით შუა მონაკვეთშია მოქცეული.

გალაქტიკის ცენტრიდან დედამიწამდე მოსაღწევად სინათლეს 25 000 წელიწადი სჭირდება. მოგეხსენებათ, სინათლის სიჩქარე არის ის მანძილი, რომელსაც სინათლე ერთ წელიწადში გაივლის; აქვე შეგახსენებთ, რომ სინათლე წამში 300 000 კილომეტრს გადის. გამოდის, რომ თუ ირმის ნახტომის ბირთვის სინათლეს ხედავთ, ის მაშინ არის წამოსული, როდესაც ადამიანთა მოდგმამ პირველად აითვისა ჩრდილოეთ ამერიკა.

ირმის ნახტომის ცენტრში მოქცეულია სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და იდუმალი ობიექტი: გიგანტური შავი ხვრელი. მეცნიერთა აზრით, ასეთი შავი ხვრელი უმეტესი გალაქტიკის ცენტრში იმალება. ჩვენი გალაქტიკის შავ ხვრელს მშვილდოსანი ა-ს უწოდებენ და მასში თავს იყრის სამ მილიონამდე მზის მასა.

მზის სისტემა ირმის ნახტომის ერთ-ერთ სპირალურ მკლავშია მოქცეული. გალაქტიკის ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის ჩვენი მზის სისტემაც, გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს. ერთი ასეთი შემოვლისთვის, ჩვენს ვარსკვლავს დაახლოებით 220 მილიონი წელიწადი სჭირდება. ირმის ნახტომი იმდენად დიდია, რომ მისი ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად სინათლეს 100 000 წელიწადი სჭირდება.

ირმის ნახტომი მიეკუთვნება სულ მცირე 40 გალაქტიკისგან შედგენილ გროვას, რომელსაც ადგილობრივ ჯგუფს უწოდებენ; მასში ორი დიდი სპირალური გალაქტიკა გამოირჩევა — ირმის ნახტომი და ანდრომედა. დანარჩენები პატარა გალაქტიკებია. ასტრონომთა დასკვნით, დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, ირმის ნახტომი და ანდრომედა ერთმანეთს შეეჯახება და მათ ადგილზე ერთი წარმოუდგენლად დიდი გალაქტიკა გაჩნდება.