ირაკლი ქორიძეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა. ბრალის წარდგენის პროცედურას, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, ქორიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ასევე ქვეყანაში უკანონოდ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს.
ადვოკატ სალომე ჯანიაშვილის განცხადებით, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენება დევს, რასაც ბრალდებული არ ეთანხმება. ადვოკატების შეფასებით, მათთვის უცნობია, რატომ დააკავეს ქორიძე ახლა, თუ გამოძიებას ხულორდავას ჩვენება აქამდე გააჩნდა.
ადვოკატი დავით კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმე, სავარაუდოდ, გიორგი გიორგანაშვილის და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივობას უკავშირდება.