IDFI საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვაზე საუბრობს და უწყების გადაწყვეტილების შესწავლას შესაბამის უწყებებს სთხოვს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი 1 დღის დაარსებულ კომპანიასთან გააფორმა, რომლის ხელმძღვანელიც მინისტრის მოადგილის, ავთანდილ მახარობლიშვილის ძმაა. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და კონტრაქტი ელექტრონული ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით გაფორმდა. საუბარია 2017 წლის აგვისტოში, ლეონიძის ქ. 3-ში მდებარე შენობის ადაპტაცია-ცვლილებების სამუშაოებზე, რაშიც სამინისტრომ 722 ათასი ლარი გადაიხადა. ბრალდებას სამინისტროში უპასუხეს. წერილში განმარტებულია, რომ კომპანიის შერჩევისას უმთავრესი კრიტერიუმი არა თავად კომპანია, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები და მათი გამოცდილება იყო.