საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართულ არჩევნებს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესს ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.