საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების დამატებითი განთავსების საკითხს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს ავრცელებს: „შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“-  აღნიშნულია კომენტარში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება.