ჰაკერული თავდასხმა და მორიგი ბრალდება მოსკოვიდან

უკანონო შეღწევა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემაში. თითქმის ერთი წლის შემდეგ საქართველო მასშტაბური კიბერთავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ ხდება. წაღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომლის ერთი ნაწილი, შსს-ს ცნობით, ფალსიფიცირებულ მასალებთან ერთად, უკვე განთავსდა უცხოურ ვებ-გვერდზე.

ფაქტს საეჭვოდ ემთხვევა ბრალდება რუსეთის დუმის დეპუტატისგან, რომელიც ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერების წარმოების კონტექტსში, ხელს ლუგარის ცენტრისკენ იშვერს. სწორედ რუსეთის კვალს ხედავს კიბერშეტევის მიღმა ლაბორატორია, რომლის მიმართ მოსკოვმა ცილისმწამებლური ბრალდებები და დეზინფორმაციის კამპანია პანდემიის დროს კიდევ უფრო გაააქტიურა.

განხორციელებული კიბერშეტევა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ომის გაგრძელებად ფასდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. ოპოზიციასა და მმართველ გუნდში მომხდარს ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილად აფასებენ და ფიქრობენ, რომ კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას სწორედ ლუგარის ლაბორატორია იწვევს, რომელიც ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის წარმატებული მაგალითია. მორიგი კიბერშეტევის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებაში დახმარების თხოვნით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს.