სამების საკათედრო ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდები ორი დღის განმავლობაში გაიმართება. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ის „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული. ქართველ მწერალს 6 აპრილს დაკრძალავენ, თუმცა, სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. გურამ დოჩანაშვილის პირველი წიგნი 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა. 1961 წელს კი, გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“.
2020 წელს გურამ დოჩანაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
მოამბე