სამოქალაქო პანაშვიდი

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა ნეშტები დღეს დაკრძალეს. 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იდენტიფიცირებულთა გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხდა. მათგან 14 სამხედრო და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქეა.