სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში

სამოქალაქო პანაშვიდი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტები ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. სამების ტაძარში გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრეს. ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებული პირები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალებიან. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 10 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.