დამშვიდობება ვაჟა აზარაშვილთან

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. კომპოზიტორი მახათას პანთეონში დაკრძალეს. ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები, შემსრულებლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ტაძარში ის მეუღლესთან ერთად მივიდა. პანაშვიდზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც.

მუსიკოსი და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 7 თებერვალს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ის ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. იყო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.