გოგა ონიანის საქმე

მოსამართლემ მსჯავრდებულ გიორგი ონიანსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

პროკურორების განცხადებით, შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთ საფუძველს ისიც წარმოადგენს, რომ მსჯავრდებული ბრალდებას აღიარებს. შეთანხმებით სასჯელის ოდენობა და ბრალდების ფორმულირება არ იცვლება. სასჯელის 2 წელს ონიანი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი იქნება.

გიორგი ონიანს 2017 წლის 7 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პოლიტიკური ნიშნით დევნაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ედება. საუბარია 2011 წელს დავით შათირიშვილის და ლევან მდინარაძის დაკავებაზე, რა პერიოდშიც ონიანი გლდანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

პროკურატურის განცხადებით, შათირიშვილის და მდინარაძის დევნა მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო განხორციელდა.