გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და რეფორმებს შთამბეჭდავს უწოდებს. ამის შესახებ დორის ლოიტჰარდმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სტუმარს დეტალურად გააცნო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა. სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს დელეგაციის წევრებმა პარლამენტშიც.
სპიკერმა და დეპუტატებმა პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
მომავალი წლიდან საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევა ძალაში, იგეგმება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებაც. ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც იყო, შვეიცარია ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.