19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ალექსანდრე კობაიძე საქმის ორ მოწმეს წარმოადგენს. ისინი ტოიოტას მარკის ავტომობილში ისხდნენ. სწორედ ამ ავტომობილში მსხდომებმა წამოიყვანეს ავტომაგისტრალიდან თბილისში შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ მოზარდებს ფიზიკური დაზიანებები აქვთ, რაზეც ადვოკატი აცხადებს, რომ ადგილზე მისული სპორტსმენები ამასთან კავშირში არ არიან და ინფორმაციასაც არ ფლობენ. საქმეზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტიც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული, თუმცა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს საბოლოოდ რა ვითარებაში მოხდა გარდაცვალება.