სააკაშვილის სასამართლო - ექსპერტიზის დასკვნები

მიხეილ სააკაშვილისთვის დასმულ დემენციის დიაგნოზს კიდევ ერთი უცხოელი ექიმი ადასტურებს. სასჯელის გადასავადებლად მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამჯერად ბრიტანელი ფსიქიატრი ჩართეს. კორნელიუს კატონისის შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტს პოსტ-ტრავმული და ნეირო-კოგნიტური აშლილობა აქვს, რაც ქცევის, მეხსიერების, ყურადღების, აღქმის და ენის მხრივ მძიმე დარღვევებით ვლინდება. მედიკოსი, რომელმაც ექს-პრეზიდენტი კლინიკაში ნოემბერში მოინახულა, პაციენტისთვის გაწეულ არასათანადო მკურნალობაზეც საუბრობს. ექიმის დასკვნაა, რომ პატიმრობა დასმული დიაგნოზებისგან განკურნებას ხელს უშლის და გარემოს შეცვლაა აუცილებელი. ჩვენებამ სასამართლო დარბაზში ხმაური გამოიწვია. ვნებათაღელვის საგანი გახდა ექსპერტიზის ბიუროს ახალი დასკვნაც, რომლის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო ცენტრ „ემპათიის“ მიერ სააკაშვილისთვის დასმულ მძიმე დიაგნოზებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს.