ფოთის საკრებულო ზოოფილიას ცხოველის მიმართ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობად აფასებს

წყალტუბოს საკრებულოს შემდეგ, ზოოფილიას ცხოველის მიმართ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობად აფასებს ქალაქ ფოთის საკრებულო.  2018 წლის 30 მაისის სხდომაზე მიღებული დადგენილებით, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც კატების, ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესს შეეხება, ასევე იკრძალება მათთვის ბიბილოს, ნისკარტის, და ფრთების მოჭრა, ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება, ბუმბულის მოგლეჯა და ა.შ. დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო ცხოველი მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა. მეპატრონეს უფლება ექნება, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.