ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიისგან მიღებული ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულება პოლიტიკური უთანხმოების მიზეზია. ოპოზიციის უკმაყოფილებას მმართველი გუნდის ლიდერთა ის განცხადებები იწვევს, რომლის მიხედვით, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შესაძლოა არ შეიქმნას და მუშაობა სხვა ფორმატში, მათ შორის, კომიტეტებში წარიმართოს. „ქართული ოცნების“ წევრთა განმარტებით, ფორმატები იმ საკანონმდებლო პროექტებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ცხრა პუნქტის ფარგლებში უნდა მოამზადონ.

მმართველი პარტია სამუშაო პროცესში ჩართვას ოპოზიციის სრულ შემადგენლობას სთავაზობს. თავის მხრივ, ცხრა რეკომენდაციაზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის მზადყოფნას ადასტურებენ ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკომისიის ახალი რეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ აქვთ. სამოქმედო გეგმა უკვე გამოქვეყნებულია.

საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ პარლამენტში უნდა წარიმართოს. რეკომენდაციების შესრულებამ ქვეყანას ევროინტეგრაციის ახალი ეტაპისკენ – ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა გაუხსნას გზა.