კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ კლებისკენ წავიდა. გუშინდელთან შედარებით, კორონავირუსი თითქმის 700-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემი 3 000-ს ჩამოსცდა და 14 000-ზე მეტი ტესტის პირობებში 2 345 შეადგინა. ახლა ყველაზე სარისკო მომდევნო ათდღიანი პერიოდია, როცა 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვები შემსუბუქდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თუ სავაჭრო ობიექტებში რეგულაციები და ნაკადები მკაცრად არ იქნება გაკონტროლებული, ვითარება შესაძლოა ისევ უმართავი გახდეს და გაცილებით მკაცრი ზომების მიღება იყოს საჭირო. ინფექციის მართვასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვას ითხოვს დღეს შექმნილი ახალი სამედიცინო ასოციაცია. ახალ პლატფორმაზე გაერთიანებული ექიმები ინფიცირებულთა მკურნალობის სქემების მიმართ შენიშვნებს გამოთქვამენ და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ.