ახალი რეგულაციები კლინიკებისთვის

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მომსახურების ხარისხს სხვადასხვა ინდიკატორით შეაფასებს. ამ ინდიკატორებს შორისაა რეჰოსპიტალიზაცია – ანუ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია კლინიკიდან გაწერის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში და პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებელი. სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკების შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. ცვლილების მიზანი კი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. შეფასების ინდიკატორების ჩამონათვალს ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს. აღნიშნული ინსტრუმენტი შემდგომ ეტაპზე, გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტორებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ის კლინიკები მიიღებენ, რომლებიც აღნიშნულ ინდიკატორებს დააკმაყოფილებენ.