პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს. დაკავებულს ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ასევე ადამიანის დევნა ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე გ.გ. და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რომ მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს. საერთო ჯამში, ლექსო ლაშქარავას და „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.