დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეს, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  26 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.