დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებულები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან
დიდ დიღომში, ავთანდილის რვა ნომრის მცხოვრებლები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. დოკუმენტი ჯერ მზად არ არის. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ზარალის ოდენობა უნდა განისაზღვროს. დაზუსტდება, რა ზიანი მიადგა თითოეულ მოსახლეს და კომპენსაციის ოდენობაც დადგინდება.
საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მობინადრეებს შენობაში პერიოდულად უშვებენ. მოქალაქეები იმ ნივთების გამოტანას ცდილობენ, რაც მასშტაბურ აფეთქებას გადაურჩა.
ამ დრომდე სხვადასხვა სასტუმროში რჩება 32 ოჯახი. უკვე ხვალიდან კი მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანის პროცესი დაიწყება. ბინებით, პირველ რიგში იმ ოჯახებს დააკმაყოფილებენ, ვისაც ბავშვები ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, აფეთქების შედეგად დიდ დიღომში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა რვა. მათგან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი რჩება. 4 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სავარაუდოდ, კლინიკიდან მას მომავალ კვირაში გაწერენ.