ლობისტური კომპანია სააკაშვილის საქმეში

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნა უკვე სასამართლოშია. შუამდგომლობას ადვოკატები დღეს გამოქვეყნებული დასკვნით ამყარებენ, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ სასამართლო-საექსპერტო კომისიასთან ერთად მოამზადა. დასკვნის შინაარსი და ყოფილი პრეზიდენტის ზუსტი დიაგნოზები არ საჯაროვდება, თუმცა დოკუმენტის ავტორები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხესთან შეუთავსებლად აცხადებენ და სასწრაფოდ მის ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. „ემპათია“ შესაძლო ინტოქსიკაციაზე და ტოქსიკოლოგიური კვლევების ჩატარების აუცილებლობაზეც მიუთითებს, სხვა შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესებას და ლეტალურ შედეგსაც არ გამორიცხავს. ექსპერტიზის დასკვნას მმართველი გუნდი სკეპტიკურად უყურებს და ძალაში ტოვებს შეთავაზებას, რომელიც მკურნალობის პროცესში ჩასართავად უცხოეთიდან ნებისმიერი ექიმის მოწვევას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა დღეს კიდევ უფრო გამძაფრდა. ჰუმანიტარული მიზნით ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა.