მუქარისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გავრცელებული ცნობით, ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მას დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
მუსა ხანგოშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი რუსეთში 12 წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში ოჯახის სანახავად პირველად ჩამოვიდა. მედეა ხანგოშვილის თქმით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეობაში ის რამზან კადიროვმა გამოგზავნა. რაც შეეხება მანამდე, პანკისის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მედეა ხანგოშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში ძებნაში მყოფი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.
მუსა ხანგოშვილი გურჯაანში ოთხ აგვისტოს დააკავეს და ყვარელში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.