დაფინანსების ახალი სისტემა - რა იცვლება პაციენტებისთვის

დღეიდან კლინიკები მოქალაქეებს დაფინანსების ახალი სისტემით მოემსახურებიან.

დიარჯის სისტემა უკვე ძალაშია. ლატვიური მოდელი დიაგნოზის მიხედვით ყველა საავადმყოფოს მხრიდან პაციენტისთვის ერთი და იმავე ტარიფის შეთავაზებას გულისხმობს, რაც მოქალაქის ჯიბიდან დამატებით გადასახადებს გამორიცხავს. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვის მთავარ მიზნად პაციენტების მხრიდან გაღებული დანახარჯების შემცირებას ასახელებს და დარღვევების შემთხვევაში კლინიკებს მკაცრი ჯარიმებით ემუქრება. არ არის გამორიცხული, რომ დიარჯის მოდელით გათვალისწინებული პირობების დამრღვევი სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდანაც ჩაიხსნას. ახალი სისტემის ამოქმედების პარალელურად ჩნდება გარკვეული კითხვები და საფრთხეები – პირველ რიგში სამედიცინო სერვისების ხარისხთან დაკავშირებით.