კანონპროექტი ინვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესახებ

აზრთა სხვადასხვაობისა და კლინიკების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებულად განიხილება. საუბარია იმ ახალ რეგულაციაზე, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისით სარგებლობას უკრძალავს. სფეროზე კონტროლის გამკაცრების მთავარ მიზეზად ბავშვების გასხვისებასთან დაკავშირებული საფრთხეები, საერთაშორისო პრაქტიკა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და ცალკეული კლინიკების უკონტროლო საქმიანობა სახელდება. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების დახურვაც კი არ გამორიცხა. საპარლამენტო განხილვა დიდი ალბათობით ხმაურიანი იქნება. საავადმყოფოებში, სადაც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მიმართავენ, კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვთ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის ინვიტრო სერვისების შენარჩუნებას ეხება.