COVID-19 - ვითარება რეგიონში

ინფიცირების 736 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 12 ფაქტი გამოვლინდა სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში. დაღუპულთა შორის არის 33 წლის მამაკაცი.  ქვეყანას უკვე 24 645 ინფიცირებული ჰყავს. 11 ათასამდე პირი ჯერ კიდევ მკურნალობას გადის. სომხეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 427 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 082-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, ინფიცირების შემთხვევები  1372-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 195 883-ს მიაღწია.  თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსისგან უკვე განიკურნა 170 ათასამდე ადამიანი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი ამ დროისთვის ათასამდე პაციენტი რჩება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აზერბაიჯანში. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.  ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ 15 890 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 193 ლეტალური შედეგით. აზერბაიჯანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 7 000-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რაც შეეხება რუსეთს, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის  628 ათასამდე  შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელებული თითქმის 400 ათასი. ვირუსს 9 ათასზე მეტი პირი ემსხვერპლა.