ბათუმის პორტში ათამდე ადამიანი მესამე დღეა შიმშილობს - რას ითხოვენ მოშიმშილეები

ბათუმის პორტში პროტესტი გრძელდება. ათამდე ადამიანი მესამე დღეა შიმშილობს. პორტის გაფიცულ თანამშრომლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აჭარის ხელისუფლების მხრიდან ნაკლები ჩართულობის გამო და გუშინ დაწყებული გამოძიების შეწყვეტას ითხოვენ.

შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა გუშინ გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, მცირე ზომის მცურავი საშუალებებით გარკვეული ტერიტორია ჩახერგეს, რის გამოც გამოძიება დაიწყო. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა გენერალური დირექტორის გადადგომასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება.