მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის ფორუმი

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) ფორუმის სპიკერია. თინათინ ბერძენიშვილი ფორუმზე თემატური სესიის „მედია და ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთისთვის“ ფარგლებში წარდგა.

ფორუმზე თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლების მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე და ინტელექტუალური საკუთრების ქონის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნულ სესიას, რომელიც მოიცავდა დისკუსიას, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი მარეგულირებლებმა საზოგადოებრივ მაუწყებლებს დამოუკიდებლობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის ვიცეპრეზიდენტი და ამავდროულად, ნორვეგიის მედიასაშუალებების მართვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობდა.

ფორუმს ნორვეგიის მედიასაშუალებების მართვის სააგენტო მასპინძლობს და 52 წევრი მარეგულირებლის 160-მდე წევრს, მუდმივ დამკვირვებლებს, მედიაექსპერტებს, ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებს აერთიანებს. ისინი განიხილავენ ევროპაში აუდიოვიზუალური მედიის რეგულირების აქტუალურ საკითხებს.