გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, გამოძიებამ უმოკლეს ვადებში მოიძიოს სატელიტებიდან გადაღებული ფოტომასალა. საუბარია ადგილზე, სადაც 22 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვეს. ასევე ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარადგინა მოწმეების ჩვენებები, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენება, რომელიც ადვოკატის შეფასებით, ბევრ კითხვებს აჩენს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ცდილობს თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრისა და სხვა პირთა ჩვენებებით გაამყაროს საკუთარი ვერსია ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობაზე. ამ ვერსიას ოჯახი და ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს და საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.