პროკურატურის განცხადება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე მოხდა. გამოძიების ფარგლებში, სერგო შუბითიძე დღეს გამოიკითხება. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა, უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოჰკითხა მხოლოდ სამი პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ორი ოქმი, დათვალიერების ოთხი ოქმი და ამოღების ორი ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე “, – აღნიშნულია განცხადებაში.