ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მუნიციპალური პროგრამა იწყება.
პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილის მასივში განხორციელდება. ხუთსართულიან მაღალი კატეგორიის ავარიულ შენობას დემონტაჟი გაუკეთდება, მის ადგილას კი ახალი საცხოვრებელი კორპუსი განთავსდება. სამუშაოების ღირებულება 7,5 მლნ ლარია. მოსახლეობის დიდი ნაწილი დედაქალაქის მთავრობამ ქირით უკვე გაიყვანა. პროექტის პარალელურად, მერია კიდევ 12 ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლებას გეგმავს. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთანაც.