აუდიტის კრიტიკული დასკვნა

მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება განათლების სამინისტროს მასშტაბური პროგრამა.

აუდიტის სამსახური პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის შექმნილ სქემას არაეფექტურ და უშედეგო პროექტად მიიჩნევს. მაკონტროლებელი უწყების ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტიდან დახარჯული სოლიდური თანხის მიუხედავად, ექვსი წლის თავზე პროგრამის მიზნები და ამოცანები შეუსრულებელი, სწავლების ხარისხი კი ისევ ძველ ნიშნულზეა. ერთ-ერთ არგუმენტად თავად მასწავლებლების გამოკითხვის შედეგები მოჰყავთ. პროფესიული განვითარების სქემა პედაგოგების ოთხ კატეგორიად დაყოფას და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების საფუძველზე სტატუსის გაუმჯობესებას და კარიერულ წინსვლას გულისხმობს. თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით, აუდიტის დასკვნისთვის პედაგოგთა სტატუსის შეცვლის კრიტერიუმებიც საეჭვოა.