დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 41 წლის გახდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, სოფელ წილკანში, ტატუნაშვილის სახელობის სკვერში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი მისი ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.