რატომ ჩაანაცვლა კომპანია „ალმამ“ ვაქცინაციის წამახალისებელი სარეკლამო პლაკატები სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური ბანერებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ვაქცინაციის პლაკატები ბანერებზე მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო განთავსებული. ამირან გამყრელიძის თქმით, საკითხზე ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იურისტები მუშაობენ. ის კომპანია „ალმას“ ბილბორდებზე ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების დაბრუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათი ჩამოხსნა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
განცხადებას პასუხობს „ალმა“, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ პირნათლად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კონკრეტულად, აღნიშნულია, რომ მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო სამი თვის ვადით. „ალმამ“ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები. ასევე, „ალმას“ განცხადებაში ნათქვამია, – „მიუხედავად იმისა, რომ სამი თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმამ“ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე“.