მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ავრცელებს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ აშშ-შია, სადაც მათი რიცხვი მილიონ 800 ათასს სცდება. მეორეზეა – ბრაზილია, სადაც დაავადება 526 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა. გარდაიცვალა 29 ათასზე მეტი. მესამე – რუსეთი, სადაც ინფიცირებულია 414 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 4800-ზე მეტი.
ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი გარდაცვლილი დიდ ბრიტანეთშია. სადაც ვირუსი ვერ დაძლია 39 ათასზე მეტმა ადამიანმა. მას მოსდევს ესპანეთი და იტალია. ორივე ქვეყანაში, ახალი ინფიცირებულების რიცხვი ბოლო დღეებია იკლებს.
იტალიაში ბოლო 24 საათში 178 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 26 თებერვლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ესპანეთს, გუშინ კორონავირუსის შედეგად იქ არავინ დაღუპულა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებიდან, კვლავ რთული რჩება სიტუაცია სომხეთში. სადაც გასული დღე- ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 517 შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთში, ბოლო 24 საათში, 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფექცია დამატებით 827 ადამიანს დაუდასტურდა.