აგარის ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. „სოლიდარობა აგარას“ – აქცია ამ სახელწოდებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ქარხნის თანამშრომელები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მანამდე კი, აქციის მონაწილეებმა, ორი დღის განმავლობაში ფეხით 110 კილომეტრი გამოიარეს და ახლა თბილისის შემოსასვლელთან კარვები აქვთ გაშლილი.
მუშების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერებულია, მიზეზად კი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუუნარობას ასახელებს, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეალურად კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.
აქციას გაერთიანებული პროფკავშირები და დაბა აგარის მოსახლეობაც უერთდება. საპროტესტო აქცია კანცელარიასთან 15 საათზეა დაგეგმილი.