მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას“ გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას“ გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას“ გაიმართება. „აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა, ორი დღის განმავლობაში ფეხით 110 კილომეტრი გამოიარეს და 18 აპრილს, გვიან ღამით თბილისის შემოსასვლელთან კარვები გაშალეს.

„აგარის შაქრის“ ქარხანა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია ყველაფერი აგებულია ამ წარმოებაზე. დაბა უკვე პარალიზებულია, სხვა გასაქანი ამ ხალხს არ აქვს. მოვითხოვთ ყველანი, რომ შრომის უფლება დაგვიბრუნონ. გვინდა ვკითხოთ მთავრობას, როგორ უნდა ვიარსებოთ, გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ. დადებითად თუ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, კანცელარიის წინ დავსხდებით, დავიწყებთ შიმშილობას. ჩვენ მარტო არ ვიქნებით, გავერთიანდებით. სოლიდარობის გამოსახატად მოდიან ქალები, ბავშვები…

ჩვენ ვართ მეშაქრეები, ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ იმას, რომ შრომის უფლება დაგვიბრუნონ, აამუშაონ ქარხანა. ამბობენ, ქარხანა კონკურენტუნარიანი არ არისო, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სათანადო კონკურენციას გავუწევთ ევროპიდან იაფად შემოტანილ პროდუქციას“, – აცხადებს „აგარის შაქრის“ ქარხნის ყოფილი თანამშრომელი ზაზა ალბურიშვილი.

საპროტესტო აქციას მხარდაჭერას საქართველოს პროფკავშირებიც უცხადებს. „აგარის შაქრის“ ქარხანა 7 თვის წინ დაიხურა. საწარმოში 481 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან უმრავლესობა ადგილობრივია.