უახლოეს საათებში გაირკვევა, დაუბრუნდება თუ არა 70-მდე ოჯახი კორპუსს, რომელიც მძლავრი აფეთქების ადგილად იქცა.
ლაბორატორიული დასკვნა აჩვენებს, ექვემდებარება თუ არა ცხრასართულიანი შენობა აღდგენას და რამდენად უსაფრთხო იქნება მომავალში იქ ცხოვრება. მანამდე კი კორპუსის ბინადრები სასტუმროებში რჩებიან.
შესაძლო საფრთხეების გამოსარიცხად აფეთქების ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო ქვეყანაში გლოვის დღეა. ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დროშებია დაშვებული.
ქვეყანა მსოფლიოს ლიდერებისგან სამძიმარს იღებს. სამძიმრის წერილს ავრცელებს კათოლიკოს-პატრიარქი.