საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 91 წლის გახდა

საქართველოს ეკლესიის მეთაური მილოცვებს იღებს. ილია მეორეს დღეს 91 წელი შეუსრულდა.

კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. აღსაყდრებიდან 46 წლის შემდეგ ერისთვის უწმინდესის და უნეტარესის ღვაწლი ფასდაუდებელი და განსაკუთრებულია. მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მოღვაწეობა სიყვარულის, ზრუნვის, სიბრძნის, თავდადების, ერთგულების და სულიერ ფასეულობათა დამკვიდრების სიმბოლოა. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართული ინტრონიზაციით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ახალი ტაძრების მშენებლობა, ეპარქიების, სასულიერო პირების და მრევლის ზრდა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის დაარსება, თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლიის გამოცემა, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, საერთაშორისო კავშირების გაძლიერება, არაერთი საქველმოქმედო ფონდის შექმნა – ეს ილია მეორის სახელთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების და მოვლენების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია.

პატრიარქის 91 წელი გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.