ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წელს კონკურსში 39 000 აბიტურიენტი მონაწილეობს. მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.
ქვეყანაში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდების განრიგი შეიცვალა. ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია 4 და 5 ივლისს, დილით ჩატარდება.
აბიტურიენტები გამოცდაზე, შეცვლილი თარიღის მიუხედავად, უკვე მიღებული ან ამობეჭდილი საგამოცდო ბარათებით უნდა გამოცხადდნენ.
მოზარდთა ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის არარსებობა. ამასთან დაკავშირებით, დღეს 6 საათზე პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი აქციის ჩატარებაც იგეგმება.
განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ვერ აკონკრეტებენ, რა ვადებში მოგვარდება პრობლემა, თუმცა ამბობენ, რომ მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
აბიტურიენტების პრეტენზიებს იზიარებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.