ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. რეგისტრირებული 41 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე 95% მივიდა, დაფიქსირდა დაგვიანების ორი შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში.

დღეს დილიდან განათლების მინისტრმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულეს და პროცესს დააკვირდნენ. ეროვნული გამოცდები 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.