ფაქტი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა და სკოლის ტერიტორიაზე დატოვებული წარწერები, რასაც ჯერ გამოძიება, შემდეგ კი უმძიმესი ტრაგედია მოჰყვა.
საზოგადოება 15 წლის ლუკა სირაძეს გლოვობს. მე-9 სართულიდან გადმოხტომის შედეგად მძიმედ დაშავებული მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.
რეზონანსულ საქმეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
დაკავებული გამომძიებელი, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულებას ედავებიან, ახლაც კლინიკაში რჩება და წასაყენებელ ბრალდებას არ აღიარებს. სწორედ მან დაკითხა თვითმკვლელობის მცდელობამდე ერთი დღით ადრე მოზარდი სკოლაში გაკეთებული წარწერების გამო, რომელიც სკოლის მიმართვის შემდეგ გამოძიების საგანი გახდა. საუბარია კერძო სასწავლებელ „მწვანე სკოლაზე“, საიდანაც ლუკა სირაძე ახალი გადასული იყო. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ბრალდებულთა წრის გაფართოებას ითხოვს.