10 წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ათი წელი გავიდა. 2014 წლის 27 ივნისს, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. დარჩიაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს. „საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმები, კერძოდ შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრულ ვადებში განახორციელა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. დღეისათვის შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების 55 % და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) სივრცის კომპონენტის 65 %. სწორედ ამ რეფორმების შედეგად: საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა ევროკავშირის 450 მილიონიანი ბაზარი, რამაც ბიძგი მისცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას; საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობენ; მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის, საჯარო შესყიდვების, ფინანსური კონტროლის, განათლების ხარისხის გაუმჯობესების, დასაქმების ხელშეწყობის და შრომითი უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საბაჟო და საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის და სხვა მიმართულებებით“.

ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.