შვიდი წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი წელი გავიდა. 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. შეთანხმება შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ დებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომელიც სცდება ტრადიციულ შეთანხმებათა მასშტაბებს და ყველა სფეროზე ვრცელდება. 2014 წელსვე გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები. სარატიფიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ კი, ასოცირების შეთანხმება სრულად 2016 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. ხელმოწერის თარიღი, საქართველოს უახლეს ისტორიაში საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღედ იქცა.