ზვიად ქორიძე - ჩვენ არ ვართ ბრალმდებლები და არც უსაფუძვლო ბრალდებას მივიღებთ
ზვიად ქორიძე - ჩვენ არ ვართ ბრალმდებლები და არც უსაფუძვლო ბრალდებას მივიღებთ

ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემაზე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი დროებითი ხასიათისაა, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისია ყველა დაინტერსებულ პირს შეხვდეს და კომისიის მუშაობის სტანდარტების საკითხი განიხილოს.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც შეწყალების კომისიის წევრები და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს ხვდებიან.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება შეწყალების კომისიის მუშაობის სტანდარტების ამაღლების საკითხები.

„კახი კახიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდეს კომისიას. ბატონ კახიშვილთან ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე, რაც ჩვენ გვაქვს და რისი დახვეწა შეიძლება მასთან ერთად. არც ერთი ბრალდება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც მივაწოდეთ საზოგადოებას. ჩვენ არ ვართ ბრალმდებლები, ისევე, როგორც არ მივიღებთ უსაფუძვლო ბრალდებას. ეს იქნება სამუშაო შეხვედრა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს  ხვდებიან.

შეწყალების მექანიზმის დახვეწისა და კომისიის მუშაობაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ თბილისში ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და მას პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ უდოს კომისიამ  ბაქრაძეს გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქრაძის საქმეს თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა 17 აპრილს, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ბაქრაძესთან დაკავშირებით ადგილობრივ საბჭოსა და შეწყალების კომისიას იდენტური დოკუმენტები ჰქონდათ. მინისტრის თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია (ე.წ. უდოს კომისია) მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს. მან მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შეხვედროდა.