კახა კახიშვილი - კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ რეგულაციაზე, რომ პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები, სუს-ის თანამშრომლები, პროკურორები დაცული იყვნენ ბულინგისგან
კახა კახიშვილი - კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ რეგულაციაზე, რომ პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები, სუს-ის თანამშრომლები, პროკურორები დაცული იყვნენ ბულინგისგან

მინდა, აღვნიშნო ის თავმდაბლობა, რაც გამოიჩინა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელმა, რომელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული ქვეყანაში. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სულ სხვანაირია ამ სამინისტროს ხელმძღვანელობა. სამინისტროს თანამშრომლებიც სულ სხვანაირები,  ხალხზე ორიენტირებულები, თავმდაბლები გახდნენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

კახიშვილის თქმით, მისასალმებელია, როდესაც ძალოვანი უწყება იღებს გეზს ადამიანობისკენ, უფლებების დაცვისკენ.

„აღსანიშნავია, რომ აქ მარტო პოლიციელი კი არ მუშაობს, აქ მინისტრიც, მოადგილეებიც მუშაობენ იმაზე მეტს, რაც ეკუთვნით, რათა ამ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ჩვენ და ჩვენი ქვეყნის სტუმრებმა თავი მშვიდად ვიგრძნოთ. ვიცი, მინისტრი პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ეტაპობრივად ყველაფერს აკეთებენ პოლიციელებისთვის სოციალური პაკეტების გაუმჯობესებისთვის.  ამავდროულად, ჩვენ, კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ რეგულაციაზე, რომ პოლიციელები, მათი ოჯახის წევრები, სუს-ის თანამშრომლები, პროკურორები იყვნენ დაცული ბულინგისგან, რაც დამანგრეველია ადამიანისთვის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.